მთავარი > Personal > Will you marry me? (I need a European passport) ☺

Will you marry me? (I need a European passport) ☺

Above the clouds.. <3

Above the clouds.. ❤

  როდესაც გერმანიაში მივფრინავდი პირველად გამაოცა ღრუბლების დაუჯერებელმა ფენამ… ჩემი ფანჯრიდან იშლებოდა მომნუსხველი  ხედი… მიუხედავად იმისა რომ 39 გრადუსი სიცხე მქონდა, თვალი არ მომიშორებია და ზოგჯერ ვფიქრობდი, ალბათ სიცხის ბრალია, ჰალუცინაცია დამეწყოთქო და სასწრაფოდ გადავუღე ფოტო… თურმე ნამდვილი ყოფილა…

 როდესაც გერმანიაში ჩავედი პირველად შევიგრძენი საზოგადოებრივ ტრანსპორტში (რეგიონალური მატარებელი, ავტობუსი, მეტრო, ტრამვაი, ტაქსი) სითბო და დავინახე სისუფთავე. ადამიანები თურმე არ ხმაურობენ, არ უყვირიან ერთმანეთს, არ აგინებენ კონტროლიორს, არ აქვთ ჩართული ხმამაღლა სიმღერები. ტრანსპორტი არის ადაპტირებული და ნებისმიერ ადამიანს აქვს გადაადგილების შესაძლებლობა… მგზავრობა თურმე ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნო ყოფილა…

  როდესაც გერმანიაში ჩავედი პირველად ვნახე რომ ადამიანები ქუჩაში ერთმანეთ უღიმიან, თბილად ესალმებიან მაღაზიაში, რესტორანში, კაფე-ბარსა თუ სხვა დაწესებულებებში, მომსახურების ეთიკამ გამაოცა და უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს… არადა მსმენია რომ გერმანელები ცივი ხალხიაო, ჩემთვის ჩუმად ვინატრე: ნეტავ ასეთი “ცივები” ვიყოთ ყველანითქო…

  რაც გერმანიაში ჩავედი პირველად მივხვდი თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს თავისი საქმე და ასრულებდეს პირნათლად თავის მოვალეობას… ახალი წლის მეორე დღეს ბინის ეზოში ჩამოსულმა, როდესაც დავინახე ყვითელი ფერის ფორმით კაცი როგორ ასუფდავებდა შიდა ეზოს თოვლისაგან, წმენდდა ბილიკს, რომელიც სულაც არ მოითხოვდა გაწმენდას,  ისედაც გასუფთავებული იყო – აი მანდ მივხვდი ზემოაღნიშნულს…

  როდესაც გერმანიაში ჩავედი პირველად გავიგე ლუდის გემო… მთელი დღე ხეტიალით და მიუნხენის დათვალიერებით დაღლილი საღამოს ჩავსხდებოდით სახლში, დეივ ბრუბეკის ‘Take five’-ის ფონზე ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე და ვსვამდით ნამდვილ ლუდს. ხაზი მინდა გავუსვა “ნამდვილს”… თურმე არსებობს “დაუსპირტავი” და ნორმალურად დამზადებული ლუდი, რომლის გემო და ხარისხი იგრძნობა…

  როდესაც გერმანიაში ჩავედი პირველად მივიღე კულტურული შოკი… 😀 სამი მუზეუმი დავათვალიერე (Alte Pinakothek, Neue Pinakothek, Pinakothek der Moderne), სადაც გამოფენილი იყო ჩემი საყვარელი მხატვრების ნამუშევრები.. წარმოიდგინეთ დავდივარ გაშტერებული სახით, რაც წლების მანძილზე მიგროვებია ნახატები და დამიპოსტავს აქ ბლოგზე მხატვრების შესახებ ინფორმაცია, უცებ შენს თვალწინ ხედავ პიკასოს, დალის, მონეს, ვანგოგის მზესუმზირებს, გოგენს, მურილიოს, რუბენს, დავინჩს, მუნკს, გუსტავ კლიმტს, დიურერს… ჩემს საყვარელ ექსპრესიონისტ მხატვრებს… ხედავ როდენის ქანდაკებებს… ხედავ სხვა გენიალური მხატვრების ნამუშევრებს, რომელიც ჯერ არ გინახავს… წარმოიდგინეთ როგორი შოკი იქნებოდა ეს ჩემთვის, არა ვერ წარმოიდგენთ… შევდივარ ერთ-ერთ ოთახში, მოვიხედე და ეგონ შილეს “აგონია” არის ჩემი თვალის წინ ჩამოკიდებული… ვერ დავიჯერე, ეს ორიგინალიააა??? ეს რეპროდუქციაა ხომ არ არისს??? ვკითხულობდი და არ მჯეროდა რომ ჩემს თვალწინ ჩემი უსაყვარლესი ნახატი ეკიდა… ნუ, აღარ გავაგრძელებ… ამ შთაბეჭდილებების გადმოსაცემად ეს ბლოგი არ მეყოფა…

Agony - Egon Schiele

Agony – Egon Schiele

  როდესაც გერმანიაში ჩავედი პირველად გავაცნობიერე რომ ჩვენ ევროპული ქვეყანა ვერასოდეს ვერ გავხდებით… მას შემდეგ რაც მოვიარე უამრავი ქუჩები, ვნახე კათოლიკური და ევანგელისტური ეკლესიები, შუაგულ მიუნხენში მეჩეთი, თვითმფრინავების უზარმაზარი მუზეუმი, ბოტანიკური ბაღი სადაც ყველა მცენარეს განსაკუთრებულად უვლიდნენ, ძალიან საყვარელი იტალიური რესტორანი, პიცერია, BMW მუზეუმი… მას შემდეგ რაც ვათვალიერებდი ქუჩაში მოსიარულე ხალხს, ვაკვირდებოდი მათ ქვცევებს, საუბარს, თურმე ადამიანებმა შეიძლება ისე იცხოვრონ რომ არ დახოცონ ერთმანეთი ელემენტარულ რაღაცებზე, პატივი სცენ ერთმანეთის რელიგიას, კულტურას, ორიენტაციასა თუ პირად ცხოვრებას… თურმე შესაძლებელი ყოფილა ადამიანების თანაარსებობა დისკრიმინაციის, ძალადობისა და აგრესიის გარეშე… ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ გავხდებით ევროპული ქვეყანა…

  როდესაც გერმანიაში ჩავედი პირველად ვიგრძენი თავი დაცულად… ისეთი განცდა მქონდა თითქოს არსაიდან და არაფრისგან საფრთხე არ მემუქრებოდა, რატომ არ ვიცი, მაგრამ ტრანსპორტის გამართული სისტემა, კანონმორჩილი საზოგადოება, წესრიგი ყველგან და ყველაფერში, რაც ძალიან შესამჩნევი იყო ჩემთვის, მიტოვებდა დაცულობის შეგრძნებას…

  როდესაც გერმანიაში ჩავედი პირველად გამაკვირვა ველოსაპედების რაოდენობამ, ყველაგან მათი სავალი გზა და უამრავი სადგომია…. შენობები, ადმინისტრაციული და მნიშვნელოვანი ობიექტების გარდა, ხუთ სართულზე მაღალი მე არ მინახავს, რომ ვიკითხე მითხრეს რომ კანონით ეკრძალება ყველა სამშენებლო კომპანიას მაღალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება, ფიქრობენ რომ მიუნხენის იერსახეს დაამახინჯებს და ქალაქის მართველობასთან შეუთანხმებლად არათუ შენობას სიმაღლეს, შენობას თვისი გემოვნებით ფერსაც კი ვერ შეურჩევენ… ყველაფერი უნდა შეთანხმდეს ქალაქის მერიასთან და თუ მისცემენ ნებართვას იმ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი…. ამ დროს გამახსენდა ჩვენი თბილისის 16 სართულიანი კორპუსები, სოკოებივით რომ არის ჩასმული ყველგან და გამეცინა…

  როდესაც გერმანიაში ჩავედი პირველად მივხვდი იმას რომ ჩემი დების, მათი ოჯახების და ჩემი პატარა დის შვილის გადაფარვა და დაჩრდილვა არც მიუნხენს და არც იმ მუზეუმებს არ შეუძლია რომელებმაც გადამრია… სულ მავიწყდებოდა ყველაფერი მათთან ყოფნისას, ასე მეგონა ჩემთან სახლში ვიყავით ყველანი… ჩემი დის შვილის მაიმუნობა და დახვეწილი გერმანული ქცევების ყურება მავსებდა სიყვარულით და მავიწყდებდა ყველაფერს…

  ***

  როდესაც გერმანიიდან ჩამოვედი ძალიან ბევრი მთვრალი ადამიანი დამხვდა, უაზრო კითხვებით (რა ხდება გერმანიაში? რამ ჩამოგიყვანა ამ დაქცეულ ქვეყანაში? შენს ადგილზე დავრჩებოდი… როგორ არის ანგელა მერკელი? შპრეხენ ზი დოიჩ? და ა.შ.)…. ჩემი ხელით დავწერე სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება (თან ისე სრულყოფილად ჩამოვაყალიბე რომ ვერც კი გავასაჩივრებ 😀 )…. სულ რამოდენიმე დღეა ჩამოვფრინდი და იმდენი ცუდი ამბავი მოხდა ჩემს ირგვლივ ჩამოთვლაც მიძნელდება… და ბოლოს გუშინ წინ ჩემი ახლობლის მანქანით ვუხვევდი სახლში, ჩემთვის წყნარად მოვდიოდი და იმხელა მანქანა დამეჯახა და დამაბზრიალა, პირველად ჩავხედე სიკვდილს თვალებში… 😀 ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა, ეგრევე ღრუბლებიდან დედამიწაზე დავეშვი და მომენტალურად გავაცნობიერე რომ გერმანიიდან უკვე ჩამოსული ვიყავი და მივხვდი რომ უკვე ჩემს საყვარელ საქართველოში ვარ….

P.S. ხოდა, ერთი კითხვა მაქვს ვინმე გერმანელ გოგოსთან… Will you marry me? (I need a European passport)…

☺

Advertisements
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: